logo_geo
თეა წულუკიანი: გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტის გაშარჟებასაც
- +

12 ივნისი. 2017. 22:15


 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ,,ბირჟა მაფიის" საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეში ორი რამ არის გასამიჯნი - სისხლის სამართლის საქმე და  თავად ვიდეორგოლი. წულუკიანის აზრით, გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს როცა საუბარი რეპს ეხება, გულისხმობს იმასაც, რომ გაშარჟებული უნდა იქნას ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი, მეორე თემაა თავად სახელმწიფო ინსტიტუტებმა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს გაშარჟების სურვილი.


„სისხლის სამართლის საქმეს რაც შეეხება, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ პროკურორსაც და მოსამართლესაც ჰქონდათ და აქვთ, ჩემი სუბიექტური გადასახედიდან, სწორი პოზიცია. რაც შეეხება თავად რგოლს, მე ვთვლი, რომ ამ რგოლში, რომლის სკრინშოტებიც ვნახე დაბლარვამდე, ვერაფერს განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დავინახე.

 

მეორე თემაა თავად სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მე, ჩემნაირმა სხვა წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა და აღმასრულებლებმა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს სურვილი, გაგვაშარჟოს. ამაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ.

 

ამიტომ მინდა,  მოვუწოდო ახალგაზრდა თაობას, ვინც მისდევს რეპს, თუ მომავალში ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა, რადგან ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება", - აღნიშნა მინისტრმა.


ამასთან, თეა წულუკიანი გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

 

„ახლა დროა, რომ ჩვენ ყველამ ერთად, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა დავაჩქაროთ ამ პაკეტის მიღება. ვნახოთ ამ რეფორმის შედეგები პრაქტიკაში, ვიდრე ვიფიქრებთ სხვა ნივთიერებების კუთხით ლიბერალიზაციის რეფორმაზე, მაგრამ ეს რეფორმა რა თქმა უნდა უნდა დაჩქარდეს ",  - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.




 

big_banner
არქივი