logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: შექსპირი იყო ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი ელჩი საქართველოში
- +

15 ივნისი. 2017. 22:48


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლა ლონდონში მომხდარ ხანძარზე საუბრით დაიწყო.

 

„პირველ რიგში, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას ლონდონის ჩრდილოეთ კენსინგტონის რაიონში, „გრინფელ ტაუერში" მომხდარი ხანძრის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი და ბევრმა ჯოჯოხეთი გამოიარა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების ძებნაში.

 

ასევე გამოვთქვამ გულისტკივილს ლონდონის ხიდზე და Borough Market-ის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების გამო, რომელთაც ადამინების სიცოცხლე შეეწირა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის 25-წლიან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წლის აპრილში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.


გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა1919-1921 წლებში არსებულ ხანმოკლე დიპლომატიურ ურთიერთობებს, როდესაც ლორდმა კერზონმა სერ ოლივერ უორდროპს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი შესთავაზა და აღნიშნა, რომ უორდროპების ოჯახის სახელი ძალიან ღირებულია ქართველთათვის, რამდენადაც ისინი მე-19 საუკუნის ბოლოდან პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ კულტურას ინგლისურენოვან სამყაროში.


„ისინი ახლოს მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძესთან და საქართველოს ინტელექტუალური აღორძინების სხვა ლიდერებთან. 2014 წელს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეხვედრის პირველსავე სესიაზე ჩვენ გადავწყვიტეთ, სიმბოლურად დაგვერქვა ამ შეხვედრისთვის უორდროპის დიალოგი.

 

გასულ წელს მას ეწოდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგი, რომლის ფარგლებშიც განიხილება საკითხების ფართო სპექტრი - საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვა, ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და სხვა.

 

დიახ, სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის მოიცავს სხვადასხვა სფეროს - ქართველი და ბრიტანელი მებრძოლები გვერდიგვერდ მსახურობენ NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ; 20 წელიწადზე მეტია, კომპანია British Petroleum საქმიანობს საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.


გარდა ამისა,გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მიერ ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, როგორიცაა Chevening, John Smith Fellowship და სხვები, რისთვისაც დიდ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაზრდაში დახმარებისთვის ასევე მადლიერება გამოხატა ბრიტანეთის ეფექტიანი მმართველობის ფონდისადმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმებისა და ეფექტიანი მმართველობის მხარდაჭერას.


პრემიერის შეფასებით, ამ ფონდის საქმიანობის მეშვეობით გაერთიანებული სამეფო ხელს უწყობს რეგიონული სტაბილურობისა და საქართველოს კეთილდღეობის განმტკიცებას.


ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, „შექსპირი იყო ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი ელჩი საქართველოში".


დედოფალ ელისაბედის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესრწნენ.


 

 

 

big_banner
არქივი