logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ საინტერესო
- +

19 ივნისი. 2017. 19:58


 

„პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ამაზე მსჯელობა ძალიან დადებითი იქნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.


პრემიერი მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით და ნაჩქარევი ნაბიჯები დაუშვებელია.


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადად ოპოზიციამ, პატრიარქის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არასწორად დაუკავშირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, რომელზეც მმართველი გუნდი მუშაობს.

 

„არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ რა თქმა უნდა პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია და მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა დასჭირდეს ათწლეული, უფრო მეტი ან - ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება, უამრავი დადებითი მხარით, თუმცა ის არანაირად არ არის დაკავშირებული მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან და ამ მიმართულებით დღეს გაკეთებული კომენტარები არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.




 

big_banner
არქივი