logo_geo
ირაკლი კობახიძე: უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანოა!
- +

21 ივნისი. 2017. 21:36



პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანოა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, უშიშროების საბჭო საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემების დამახასიათებელი ინსტიტუტია.


„უშიშროების საბჭო მას შემდეგ გახდა არაქმედითი, რაც ეს ინსტიტუტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში შენარჩუნდა. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარკვეული უთანხმოება იყო.

 

დღეს უშიშროების საბჭოს მუშაობაში პრემიერი ჩვეულებრივად მონაწილეობს, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პარლამენტის წევრები. თუმცა ეს ორგანო ვერანაირად უფრო ქმედითი ვერ გახდა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ის ორგანო კონსტიტუციურ ჩარჩოსთან ლოგიკურ წინააღმდეგობაშია. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ უშიშროების საბჭო დღეს 24 საათიან რეჟიმში კი არა 24 დღიან და 24 თვიან რეჟიმში აკეთებს რამეს, ამ კუთხით,კონსტიტუციაში ამ ორგანოს დატოვებას პირველი მივემხრობი.

 

დღეს უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანოა, რაშიც მე როგორც უშიშროების საბჭოს წევრმა, შემიძლია დაგარწმუნოთ. შესაბამისად ამ ორგანოს გაუქმება ქვეყნის უსაფრთხოებაზე ნულოვნად აისახება. ეს ძალიან მარტივი რეალობაა.

 

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს საკითხის მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე, სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს. ერთ-ერთი ვარიანტი იყო უშიშროების საბჭოს შექმნა აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ, რასაც კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება არ სჭირდება. თუ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა იქნება, ეს მიმდინარე კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

 

 

big_banner
არქივი