logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს
- +

22 ივნისი. 2017. 11:22



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი, რომელიც დაშვებულია ევროპის ბაზარზე, ზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.


„შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი დაშვებულია ევროპის ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება, რაც ძალიან ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის ათვისების კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ვებ-პორტალი Dcfta.gov.ge, რომლის პრეზენტაციაც ორიოდე დღის წინ გაიმართა.

 

„შეიქმნა ვებ-პორტალი, რომელიც იქნება ინტერაქტიული, სადაც იქნება განთავსებული ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად. ეს ვებ-გვერდი იქნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ძალიან კარგი პლატფორმა. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პრეზენტაცია და იმუშავა ამ პროექტზე. მინდა მათ გადავუხადო მადლობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელთა ძალიან დიდი წვლილიც არის ამ პროექტის შექმნაში და წარმატებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იქნება ეს ვებ-პორტალი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მათ გამოიყენონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

big_banner
არქივი