logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისის უნივერისტეტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია ევროპაში
- +

22 ივნისი. 2017. 11:41




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორი დღის წინ ქუთაისის უნივერისტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროექტში შემოდის არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი და ამით ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მიუნხენის უნივერსიტეტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერისტეტი და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო რეგიონალური განათლების ცენტრი და ეს არის ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს, რომ ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ პროექტის წარმატებას წინ არაფერი დაუდგება. ეს არის ისტორიული მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე არა მხოლოდ მომავალი წლების, არამედ გაცილებით უფრო დიდი პერიოდის მანიძილზე, ამიტომ გილოცავთ ამ ძალიან დიდი წარმატებას", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მოხარულია, რომ საქართველო თანდათან ხდება ძალიან პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდან ჩამოდის ძალიან ბევრი სტუდენტი განათლების მისაღებად.


„ქუთაისის უნივერისტეტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია მთლიანად ევროპაში. დარწმუნებულები ვართ ამ პროექტის წარმატებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი