logo_geo
თეა წულუკიანი: უპრეცედენტო მასშტაბის ფესტივალი „ევროპალია“ პოლიტიზებული აღმოჩნდა პრეზიდენტის უარის გამო, რომ ის არ ჩამოვიდოდა - როგორც ჩანს, გათვლა იყო, რომ გამოფენის გახსნა ჩაშლილიყო
- +

12 ოქტომბერი. 2023. 00:53

"ისე აღმოჩნდა, რომ ეს უპრეცედენტო მასშტაბის ფესტივალი [ევროპალია] რომელიც ევროპაში ტარდება და ეძღვნება სრულად მხოლოდ ქართულ კულტურასა და ცივილიზაციას ასევე პოლიტიზებული აღმოჩნდა პრეზიდენტის უარის გამო, რომ ის არ ჩამოვიდოდა," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„გათვლა იყო თითქოს იმაზე, რომ გახსნა ჩაშლილიყო, რადგან ქალბატონი სალომეს ამ წერილის შემდეგ, ჩვენ მეორე თუ მესამე დღეს ვიხილეთ, რომ მან შიკრიკად მოავლინა თავისი ძმა, რომელიც გვიხსნიდა რომელიღაც ეთერში, რომ თავისი და თუ არ წავიდოდა ბრიუსელში, ბელგიის მეფეც არ მოვიდოდა. ამ ფონზე მეორე დღეს საზეიმო ვითარებაში მობრძანდა ბელგიის მეფე დედოფლით და როგორც ეს ეკადრება ქვეყნის მმართველს და მის ღირსებას, მათ გახსნეს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ეს უპრეცედენტო ფესტივალი, რომელიც თებერვლამდე გაგრძელდება. მათ ასევე გამონახეს დრო, რომ დაეთვალიერებინათ დეტალურად ის უზარმაზარი გამოფენა, რომელიც ეძღვნება 1936 წლებში საქართველოს ავანგარდს და არის ძალიან შთამბეჭდავი ევროპელებისთვის რადგან მაშინაც რთული ვითარება იდგა მსოფლიოში და საქართველოში ყვაოდა ყველაფერი, ის რაც შემოქმედებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ვერაფერიც ვერ ჩაიშალა, თუმცა როგორც ჩანს გათვლა ამაზე იყო. იყო სხვადასხვა გეგმებიც, რომელიც ჩემთვის ცნობილია, თუმცა, ყველა ჩაფლავდა და ჩვენ წარვდექით ღირსეულად. ეს ფესტივალი 27 ოქტომბერს კიდევ უფრო დიდი გამოფენას გახსნის, რომელიც სრულად მიეძღვნება საქართველოს ისტორიას. ჩვენ ამ გამოფენით ერთადერთ მიზანს ვისახავთ, რომ ევროპას ვაჩვენოთ - დიახ ჩვენ ვართ ევროპული, მაგრამ თვითმყოფადი კულტურის ერი და ეს კულტურა ჩვენ თვითონ შევქმენით და ჩვენ ვართ ერი, რომელიც ისეთ ვითარებაში ცხოვრობს, რომ მის ტერიტორიაზე ბევრმა სხვა ერმა ჩაიარა და მიუხედავად ამისა გადარჩა და შეუძლია დღეს ძალიან ბევრ სხვა კულტურულ ერს ბევრ რამეში შეეჯიბროს. ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი და უძველესი ქრისტიანი ერი, რაც ჯერ კიდევ პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ევროპული ფესვები მოდის ძალიან შორიდან“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

big_banner
არქივი