logo_geo
შალვა პაპუაშვილი: თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 14:15

 

 

სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს და გეოგრაფიულად რთულია ორმხრივი ვიზიტები, სწორედ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ საუბარი გვქონდეს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ასამბლეაზე პარლამენტების ათასზე მეტი წევრია, 50 პარლამენტის თავმჯდომარეა, რაც კარგი შესაძლებლობაა, რომ იმ კოლეგებს შევხვდეთ, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს და გეოგრაფიულად რთულია ორმხრივი ვიზიტები. სწორედ ეს ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ საუბარი გვქონდეს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე. ეს განსაკუთრებით ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით ჩვენს რეზოლუციას რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალი მხარდაჭერა შენარჩუნდეს. დღეს ძირითადი სასაუბრო თემები ამაზე იქნება.

 

თანამედროვე გამოწვევები და ის კონფლიქტები, რომელიც ბოლო პერიოდში დიდი მასშტაბით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში, გვაჩვენებს იმას, რომ მცირე ქვეყნები განსაკუთრებულად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემაზე. სინამდვილეში, ეს არის ის სიძლიერე, ინსტრუმენტი და იარაღი, რაც პატარა ქვეყნებს გვაქვს. ჩვენ სხვა ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ქვეყნის საერთო ინტერესია, საერთაშორისო სამართლის პრინციპები იყოს დაცული. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს, რომლის მსხვერპლიც საბოლოო ჯამში ყველა იქნება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს გეოგრაფიულ სიშორეს კონფლიქტების მიმართ, ეს განსაკუთრებით უკრაინაზე რუსეთის აგრესიულმა თავდასხმამ გვაჩვენა. გეოგრაფიულ სიშორეს მნიშვნელობა არ აქვს, საბოლოო ჯამში, ყველა დაზარალებული და დაზიანებულია, თუ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს პატივს არ სცემენ ქვეყნები“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი