logo_geo
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „ტაბაკონზე“ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
- +

25 აგვისტო. 2017. 17:03


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში „ტაბაკონზე" არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში (ტყის მასივში) მდებარე (ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. თორსის საზღვართან) ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვ „ტაბაკონზე" სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გერმანიის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად დაასრულა კომპლექსური არქეოლოგიური სამეცნიერო საველე კვლევითი სამუშაოები, რომლის შედეგად გამოვლინდა სამი კულტურული ფენა. ძეგლის ზოგადი ქრონოლოგია მოიცავს ძველი წელთარღიცხვის მესამე ათასწლეულის შუახანებიდან - ადრეანტიკურ პერიოდს (ძვ. წ. 2500 - ძვ.წ. მეექვსე-მეხუთე საუკუნეები).


საინტერესოა, რომ „ტაბაკონის" ხელოვნურ ნამოსახლარზე აღმოჩნდა შუაბრინჯაოს ხანის კოლხურიძელური ნაგებობის ნაშთები (ხიმინჯებიანი საძირკველი), რაც სამეცნიერო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. ზოგადად აქ მოპოვებულ არტეფაქტებს სისტემატურად გერმანიაში უტარდებათ შემდგომი ექსპერტიზა, რომელმაც შექმნა ახალი სამეცნიერო დასკვნების გაკეთების წინაპირობა.


ამ ეტაპზე აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი დაკონსერვდება და ის მომავალი თაობის შემდგომი ტექნოლოგიური მეთოდების გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი კვლევების საგანი გახდეს. მიმდინარე სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ დაათვალიერეს.


 

big_banner
არქივი