logo_geo
აჭარაში უამინდობა გრძელდება
- +

17 ოქტომბერი. 2017. 13:56



აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხულოში უხვი ნალექის შედეგად სოფლებში დიაკონიძეებში, დანისპარაულში, რაქვთასა და იაკობიძეებში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.


„გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად სულ აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.  

 

შუახევში მეწყრის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაშალა 6 მ სიგრძის ბეტონის ხიდი. ხიდი ასევე დაზიანდა ხიჭაური-ჭვანის გზაზე. მეწყერი ჩამოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომელიც ამჟამად ჩაკეტილია და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ჩაკეტილია გზები სოფელ წყაროთაში და სოფელ კობალთაში.  ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. მეწყრული პროცესები განვითარდა დაბა შუახევში. ელექტროხაზების დაზიანების გამო ამჟამად დენი არ მიეწოდება შუბნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც  შექმნა. უხვი ნალექის შედეგად რიგ სოფლებში (ქაქუთი, ჩაისუბანი, ლეღვა) ჩაკეტილია გზები. ზედა აჭყვაში ჩაიკეტა ცენტრალური გზა.  დაბა ჩაქვში  დამბაზე გადმოვიდა მდინარე ჩაქვისთავი, დაიტბორა ერთი ოჯახი.  სოფლებში ლეღვა, ჩაისუბანი, წყავროკა, ციხისძირი - რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყრული კერები.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორთაბათუმში, სამებასა და განთიადში რამოდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა მეწყერი.  ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 

რაც შეეხება ქედას, უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებთან შემდეგ სოფლებში: მეძიბნა, ზვარე, ძანაძეები, სირაბიძეები, ვარჯანისი, ჭინკაძეები, ცხემნა, ზენდითში და აგოთაში. სოფელ აბუქეთაში 9 ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. დაბა ქედაში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები.

 

სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

უამინდობამ შეფერხებები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ ეტაპისთვის შუქი არ მიეწოდება ქობულეთში 500-მდე აბონენტს, ზემო აჭარაში 300-მდე აბონენტს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" მობილური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად სულ აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.  

 

სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. მეწყრულ კერებს გეოლოგები ამინდის დადგომისთანავე შეისწავლიან", - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

big_banner
არქივი