logo_geo
ტყიბულში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა
- +

19 მარტი. 2018. 16:36



ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.


მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანა, საიდანაც ის თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.


ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ექიმის ქეთევან თარგამაძის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.


„ავადმყოფს სასუნთქი გზების თერმოინგალაციური დაზიანება აქვს. დამწვარი აქვს სხეულის თითქმის მეოთხედი. მრავლობითი დაზიანება აქვს. ღრმა დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. იგეგმება ოპერაციაც. ავადმყოფი რეანიმაციაში შოკურ მდგომარეობაშია", - განაცხადა ქეთევან თარგამაძემ.



აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ თ.ქ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით", - აცხადებენ შსს-ში.


 

big_banner
არქივი