logo_geo
შატილში ჩამოშლილი კოშკის რეაბილიტაცია დაასრულდა
- +

4 ივლისი. 2018. 19:26

 

 

შატილში 1 წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დაასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს

 

ჩამოშლილი კედლის აღდგენის სამუშაოებს კონტრაქტორი ფირმის სპეციალისტები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებდნენ.

 

კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგა, რასაც წინ უძღოდა გასულ წელს განხორციელებული აღდგენითი სამუშაოების წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი. 2017-2018 წელს სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში, დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისგან.

 

რესტავრატორების მიერ დაიშალა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა. გაწმენდილ სამუშაო ადგილზე მოეწყო სახურავის დროებით დამჭერი ხის სივრცული ძალოვანი ხარაჩო, რომელმაც კოშკის სახურავი და მისი შენარჩუნებული კედლის წყობა ზამთრის განმავლობაში შემდგომი კონსტრუქციული რღვევისგან დაიცვა.

 

წყლისგან დაზიანებული საძირკვლის გრუნტი დამუშავდა, სადაც მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი მოეწყო. ჩამოშლილი კედლები აღდგა ახალი და ძველი სიპი ფლეთილი ქვების გამოყენებით. ახლად მოეწყო ხის სართულშუა გადახურვა. აღდგა კოშკის ხის კიბე, ბაქანი და მოაჯირები. ფიზიკური სამუშაოები შპს „გრინველის“ მიერ განხორციელდა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნის თანახმად, შატილში 1 წლის წინ კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდან ნადენი ნალექი მის საძირკველზე იყო მიმართული.

 

ჩამოშლილი კოშკის აღდგენის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოფელ შატილის მცხოვრებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მათი მოვლა-პატრონობის საქმეში სათანადო ინიციატივის გამოჩენას სთხოვს.

 

 

 

big_banner
არქივი