logo_geo
სოფელ წევაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

1 სექტემბერი. 2018. 14:57

 

 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წევაში მდებარე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წევას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 3 აგვისტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 

„ეკლესია განეკუთვნება სამნავიანი ტიპის ბაზილიკას, თავდაპირველად, ეკლესია წარმოადგენდა თლილი ქვის დარბაზულ ნაგებობას, რომელსაც მოგვიანებით მიაშენეს სამრეკლო და გვერდითი ნავები, აღმოსავლეთ ფასადიდან ირკვევა, რომ დარბაზულ ტაძარს მკვეთრად აზიდული პროპორციები ჰქონდა.

 

შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სამივე კარი გარედან გამშვენებულია თაღოვანი ფორმებით. აღმოსავლეთ ფასადი გამოირჩევა სისადავით, მასზე მხოლოდ ერთი ოთხკუთხა სარკმელია განთავსებული, სარკმლები გაჭრილია გვერდით ნავებზეც-სამი ჩრდილოეთით და ოთხი სამხრეთით. დასავლეთიდან მიშენებული სამრეკლო დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით, მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში გაკეთებულია კედლის დონიდან ჩაწეული მაღალი თაღი, რომელშიც ტოლმკლავა ჯვარია განთავსებული. სამრეკლოს გადახურვა ეყრდნობა ოთხ კვადრატულ ბურჯს. აღსანიშნავია, ერთიან სწორკუთხედში მოქცეული ჩრდილოეთ კარი, რომელიც განსაკუთრებულადაა მორთული-კარის ორივე მხრიდან წყვილი ლილვებით გამოყვანილია პილასტრი, რომლის იმპოსტებზეც დაყრდნობილი თაღი კარის ზემოდან ქმნის ტიმპანს, ტიმპანში კი განთავსებულია გამშვენებული ჯვრის რელიეფი, რომელიც სამი სახის ორნამენტითაა მოჩარჩოებული. ტაძარს შემოუყვება მარტივად პროფილირებული ლავგარდანი. ადგილ-ადგილ შემორჩენილია ძველი ლავგარდანის ფრაგმენტები, რომელიც წნული ორნამენტითაა გაფორმებული. გაფორმებული. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.

 

საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც გარედან ერთიან სწორკუთხედშია მოქცეული, დარბაზის სივრცისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიან პილასტრებზე დაყდნობილი თაღით. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის ორივე მხარეს კი სხვადასხვა ზომის ნიშია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლები გადაკეთების დროს დანაწევრებულია ნახევარწრიული თაღნარით.

 

ტაძრის ფრესკები განეკუთვნება მე-15-16 საუკუნეებში გავრცელებულ ხალხური მხატვრობის ნიმუშს. ნაგებობის გვიანი გადაკეთების შედეგად მოინგრა დასავლეთ კედელი და გაიხსნა გრძივ კედელთა ქვედა ნაწილი, რასაც სრულად შეეწირა ამ მონაკვეთებზე დატანილი მხატვრობა. ფრესკები დღეისათვის მხოლოდ სანახევროდაა შემორჩენილი. საკურთხევლის მოხატულობა ოთხ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში წარმოდგენილია ვედრების გავრცობილი რედაქცია (დამატებულია მთავარანგელოზთა ორი ფიგურა), მონუმენტურად დახატული მაკურთხეველი მაცხოვარი ზომით ყველა ფიგურას აღემატება. მეორე რეგისტრში ფრიზისებურად გაშლილი რვა მოციქულის წელსზემო გამოსახულებაა. მესამე რეგისტრში განთავსებულნი არიან წმ. მამები და წმ. დიაკვნები, ბოლო რეგისტრში კი ვხვდებით ქტიტორთა გამოსახულებებს. კამარაზე განთავსებულია საუფლო დღესასწაულთა სცენები: „ხარება“, „შობა“, „ფერისცვალება“, „ლაზარეს აღდგინება“, „უფლის ამაღლება“. ასევე აქვეა ჩართული „ყვედრება იოსებისაგან მარიამისა“, და წინასწარმეტყველი ელია „ნაღვარევსა მას ქორათისასა.“

 

ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები, ფასადთა მორთულობა და ხალხური მხატვრობის სტილის ფრესკები“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი