logo_geo
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მტვრის გორაკები ბალახის საფარით დაიფარა - „ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტი დასკვნით ფაზაშია
- +

10 ნოემბერი. 2018. 15:38

 

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მტვრის სანაყარო ორგანული გეოტექსტილით უკვე დაიფარა და ბალახის ჰიდროთესვის პროცესიც დასასრულს უახლოვდება. ეს, ფაქტობრივად, სამუშაოების ბოლო ეტაპია, რამაც მთავარი მიზანი უნდა შეასრულოს - შეამციროს გარემოზე საწარმონარჩენების ზემოქმედება.

 

აირგამწმენდი სისტემების და ფილტრების მუშაობის შედეგად საწარმოში წლების განმავლობაში დაგროვებული მტვერი, ქარხნის ტერიტორიაზეა დასაწყობებული. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ მტვრის გარემოში შემდგომი გავრცელების შესაძლებლობის აღკვეთა გახდა. ამ მიზნით, ჩატარებული იქნა წინასწარი კვლევები, მომზადდა პროექტი და 2018 წლის სექტემბერში შესაბამისი სამუშაოები დაიწყო.

 

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი - ნიკოლოზ ჩიქოვანი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, პრობლემის მოგვარებაზე კომპანიის მიერ მოწვეული პოლონელი სპეციალისტები მუშაობენ.

 

განვიხილავდით, თუ რა მეთოდი უნდა აგვერჩია მტვრის გროვის ლოკალიზებისთვის. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ამ საკითხის მოგვარება პოლონური კომპანია „აგრომაქს დეკორისთვის“ მიგვენდო, რომელმაც სანაყარო სპეციალური, ორგანული გეოტექსტილით დაფარა და ჰიდროთესვის მეთოდით მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები უზრუნველყო. მათ ასევე დაამონტაჟეს სარწყავი სისტემა, რაც მწვანე საფარისათვის აუცილებელ ტენიანობას უზრუნველყოფს. მტვრის ფენის მწვანე საფარით დაფარვა, არსებულ პრობლემას აღმოფხვრის“,- ცხადებს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ისაა, დარჩება თუ არა მტვრის გავრცელების საფრთხე და შეძლებს თუ არა მტვერი გარშემო არსებული ნიადაგის ან თავად ბალახის საფარის დაზიანებას.

 

„აგრომაქს დეკორის“ დამფუძნებელი, ვოიტეკ გრაბჩევსკი, რომელიც პირადად იმყოფებოდა ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე და უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამუშაო პროცესს, მტვრის უარყოფით ზემოქმედებას გამორიცხავს. მისი განმარტებით, მტვრის ფენის მიწითა და ბალახით დაფარვა, გარემოსგან მის შეხებას შეზღუდავს და ერთმანეთისაგან მათ იზოლირებას უზრუნველყოფს.

 

მწვანე საფარის მოწყობა, გარემოში მტვრის გავრცელებისგან თავის დასაცავად ძალიან კარგი მეთოდია. ეს ტექნოლოგია გამოიყენება მსგავსი რთული ლოკაციებისთვის, სადაც ნაყოფიერი მიწის ფენა არ არის საკმარისი და ციცაბო ფერდობებია. კიდევ ერთი პრობლემა ეროზია იყო, რომელიც ჰიდროთესვის მეშვეობით გადაწყდება“,- აღნიშნავს გრაბჩევსკი.

 

ტერიორიის შემდგომი გამწვანებისათვის, ნარგავებიც სპეციალურად არის შერჩეული. „აგრომაქს დეკორის“ დაფმუძნებლის თქმით, საუბარია ძლიერ, სწრაფად მზარდ და დაბალ მცენარეებზე, რომლებიც არ საჭიროებენ დიდ ორგანულ ფენას და ბიომასის მნიშვნელოვან მოცულობას აწარმოებენ. ამგვარად, ისინი ნარჩენების გადამუშავებაზეც ზრუნავენ.

 

ასე რომ, ზესტაფონისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის მოგვარება დაიწყო. როგორც აღვნიშნეთ, სამუაშოები თითქმის დასრულებულია და უახლოეს ხანში უკვე აღმოცენებული პირველი ბალახის ხილვაც შეგვეძლება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი