logo_geo
ხევსური მიხა პაპას ოცნება ახდა, ის ზამთარს თბილ ქოხში გაატარებს
- +

18 ნოემბერი. 2018. 01:42

 

 

 

ხევსურეთში, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 76 წლის მიხა პაპა სუსხიან ზამთარს თბილ ქოხში გაატარებს. მის შესახებ საზოგადოებამ "მთის ამბების" მიერ მომზადებული სტატიით შეიტყო და მიხა პაპას დასახმარებლად კამპანიაც წამოიწყო.

 

კამპანიის მიზანი მიხა პაპასთვის სახლის აშენება იყო და პირველი თოვლის მოსვლამდე გორშეღმის ერთადერთი მკვიდრისთვის თბილი საცხოვრებლის მოწყობაც მოესწრო. მიხა პაპა სოფელ ზეისტეჩოში (ძველად ორბეულთა) წერაქვით გამოთხრილ, უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. როგორც თვითონ ამბობს: „ერთ 20 წელია რო მარტუა ვარ აქ მე. არავინ არის, არავინ. ზაფხულობით ასე მადიან ორ-სამ თვეს. მეოთხე თვეს ვერ ასრულებენ და მიდიან საქონლ-ჯალაფობით. სულ მარტუა ვხეტიალობ“.

 

გასულ ზამთარს, ნოემბრიდან მაისამდე, მიხა პაპა ტელეფონით აღარავის დაჰკავშირებია. ეგონათ, რომ გაიყინა. გორშეღმის ხეობაში მძიმე ზამთარი იცის. თოვლის სიმაღლე ზოგჯერ ერთ მეტრზე მეტია. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რამდენჯერმე შემოუფრინა კიდეც მის მიწურს, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. 2-3 კვირის შემდეგ, გვიან გაზაფხულზე ააკითხეს. მიწურში დახვდათ, შეუძლოდ, ფეხზე ვეღარ დგებოდა.

 

„ერთი ქოხი მინდა, ფეჩი დეეტივას, ტელევიზორი დეეტივას, პურის საჭმელი სტოლი დეეტივას, ცეცხლთან თბილად ვიყო და კარი დეეხუროს რა", - ოცნებობდა მიხა პაპა.

 

მიხა პაპასთვის დასახმარებლად საბანკო ანგარიში გაკეთდა, კამპანიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთვნენ, მათ შორის ფოტოგრაფები, "მთის ამბის" ჟურნალისტები, ახალგაზრდები, დუშეთის მერია, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ასევე კერძო კომპანიებიც.

 

„ღმერთმა ხელ-მხარ შეგარჩინათ, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ უცხო ხალხმა, მოხვედით და სახლი დადგით. დალოცვილო ღმერთო, ჩემო სალოცავო, ძალიან კარგი სამყოფაი არს, ნეტაი ადრ მოსულიყავით. ქალაქჩი არ იქნების ეგეთ. აღარც შემცივდების, მიწაჩი აღარ ვიცხოვრებ. 20 წელი დათვივით ვიყავ. დათვსაც კი უფრო თბილ სოროი აქვს. მთელ ნაქარს ზედ მაყრიდა. მეც მიკვირს ჩემი სალოცავის გამარჯვებამ, 20 წელ ამას როგორ გავუძელი, რომ არ მავკვდი. ღმერთმა დაგლოცოთ, მე რაით გადაგიხდით ამ მადლიან საქმეს. 0 790 501474 ჩემ ნომერ არს, დამეხმაურეთ. ნოემბრიდან მაისამდინ მარტუაი ვარ, ყვა-ყორან არ დაფრინავს აქ და ხმაი მაინც გავიგებ", - ამბობს მიხა პაპა, რომელიც მთის სუსხიან ზამთარს ახლა უკვე თბილ ქოხში გაატარებს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი