logo_geo
გერმანელებმა და ჩეხებმა ბახმარო ვერ გაიყვეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
- +

9 იანვარი. 2019. 01:53

„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში მყოფმა ტურისტებმა, სასრიალო ტრასების გამო ერთმანეთი სცემეს.

 

როგორც გავარკვიეთ, კურორტზე მყოფი ჩეხების ტურისტული ჯგუფის უფროსი, გერმანელების ჯგუფის უფროსს იმი გამო დაუპირისპირდა, რომ გერმანელებმა გაუკვალავ თოვლში სრიალის დროს ჩეხებს გადაუსწრეს.

 

„ჩეხების ჯგურის უფროსი გერმანელების ჯგუფის უფროსს ყელში წვდა და ამით დაიწყო დაპირისპირება. კარგად სცემეს ერთმანეთი ბახმაროს ტრასის გამო. ჩეხები იჩემებენ ჩვენი ტრასააო, გერმანელები ამბობენ ჩვენიაო და ამის გამო დიდი დაპირისპირებაა“, - გვითხრა ამბის თვითმხილველმა.

 

იმის ასახსნელად, რომ ბახმარო საქართველოს, კონკრეტულად კი ჩოხატაურს ეკუთვნის და სასრიალო ტრასა არც გერმანელებს ეკუთვნის და არც ჩეხებს, კურორტის ადმინისტრაცია ჯერ ბახმაროში არ ასულა.

 

კურორტის დირექტორის დავით საჯაიას თქმით, ბახმაროში ასვლას და დეტალების გარკვევას ამ დღებში აპირებენ:

 

_ დეტალების საქმის კურსში არ ვარ. ამ დღეებში ვაპირებთ ასვლას და სიტუაციის გარკვევას. გვინდა გავერკვეთ რა ხდება, იმხელა ბახმაროში რა ვერ გაიყვეს.

 

სადაც გაიხედავ ყველგან თოვლია, ყველგან თავდაღმართია და რა მოხდა ვერ ვხვდებით, _ გვითხრა საჯაიამ.

 

როგორც გავარკვიეთ, ბახმაროში უკვე იმყოფებოდნენ ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც ინციდენტში მონაწილე პირები დაკითხეს.

 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ ბახმაროს ბოლო სამი წელია უცხოელი ტურისტები გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ სტუმრობენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი