logo_geo
„ეროვნულობისგან დაცლილი სახელმძღვანელოების შექმნას გვთხოვენ“ – რა მოხდა ბორჯომში?
- +

1 თებერვალი. 2019. 12:06

 

სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი და თემატიკა საზოგადოებაში არა ერთხელ გამხდარა განხილვისა და კრიტიკის საგანი. მშობელთა ნაწილს მიაჩნია, რომ თანამედროვე სახელმძღვანელოები დაცლილია ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთებისგან და  ქართველი მწერლების შემოქმედებას ნელ-ნელა მდარე გემოვნების, სკანდალური „ორი ღორის“ მსგავსი ნაწარმოებები ანაცვლებს. ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორი, რომელმაც გარკვეული მოსაზრებების გამო, საჯაროდ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, ამბობს, რომ განათლების სამინისტროდან დაკვეთა სწორედ ეროვნულობისგან დაცლილი სახელმძღვანელოების შექმნაზე მოდის და გამომცემლობები იძულებულნი არიან, ამ დაკვეთას დაემორჩილონ:

 

- დეკემბრის ბოლო დღეებში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, რომელსაც თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ხელმძღვანელობს, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, გამომცემლობებისა და სახელმძღვანელოების ავტორებისთვის სამდღიანი სემინარი ჩაატარა. სემინარის თემა გახლდათ  სასკოლო სახელმძღვანელოებში ტოლერანტობისა და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა. სემინარზე მიწვეულები იყვნენ ქართულის, ისტორიისა და სამოქალაქოს განათლების სახელმძღვანელოების ავტორები. შეხვედრაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, პირდაპირ, მუქარის სახით გაჟღერდა, რომ სახელმძღვანელოში წინა პლანზე არ უნდა იყოს წამოწეული ეროვნული, პატრიოტული და რელიგიური საკითხები. თუ მაინც შევიტანთ ნაწარმოებს საქართველოზე, იქვე უნდა „დავაბალანსოთ“ თურქეთზე, აზერბაიჯანზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე შექმნილი ნაწარმოებით. იგივე ითქვა რელიგიაზე –  სადაც ქრისტიანობაზე დაწერთ, იქვე უნდა აღნიშნოთ სხვა რელიგიები და მათი ღირსებებიო.

 

- ამას რეკომენდაციების სახე ჰქონდა თუ ვალდებულების?

 

- ეს იყო მუქარის ტონით გაჟღერებული რეკომენდაციები. პირდაპირ მიგვახვედრეს, ჩვენს რჩევებს თუ არ გაითვალისწინებთ, გრიფს ვერ ეღირსებითო. რა თქმა უნდა, წინა გრიფირების პროცესში ჩართული ექსპერტების ვინაობა გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ სტილი და ხელწერა იმდენად მსგავსია, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები გრიფირების პროცესში იქნებიან ჩართული. სულ არ გამიკვირდება, მორიგი გრიფირების პროცესზეც იგივე მოხდეს და გრიფი ისევ „ორ ღორისა“ და მსგავსი „შედევრების“ ავტორებს მიანიჭონ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ განათლების სამინისტროდან დაკვეთა სწორედ ასეთი წიგნების შექმნაზე მოდის... დიახ, ჩვენგან ეროვნულობისგან დაცლილი სახელმძღვანელოების შექმნას ითხოვენ.

 

სახელმძღვანელოს ავტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელთან გადავამოწმეთ. კახმეგ კუდავამ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ მსგავსი სემინარების  ჩატარების ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ არასამთავრობოების რეკომენდაციებში მიუღებელი და მით უფრო, საგანგაშო არაფერი ყოფილა.

 

- ეს სემინარები ბორჯომში ჩატარდა. შემოგვთავაზეს რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია გავითვალისწინოთ. არაფერი ისეთი, პირიქით ძალიან ბევრი საინტერესო გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.

 

- ზოგიერთი ავტორი ფიქრობს, რომ ეს მუქარა უფრო იყო, ვიდრე რეკომენდაცია და მისი გაუთვალისწინებლობა სახელმძღვანელოს „ჩაგდებით“ დაისჯება.

 

- მე ამ საფრთხეს ვერ ვხედავ. იქ იყო რელიგიებზე საუბარი და კამათი სხვადასხვა პოზიციების გამო. საუბარი იყო იმაზე, რომ რელიგიების ისტორიის სწავლების დროს კლასში შეიძლება იმყოფებოდეს მართლმადიდებელიც, კათოლიკეც და მუსლიმანიც და გაკვეთილი ისე უნდა წარიმართოს, რომ თავი შეურაცხყოფილად არავინ იგრძნოს. ჩვენ რომ ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ებრაელების მაგალითზე განიხილეს. მთლიანობაში, ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ გააჩნია, ვინ როგორ გაიგებს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ასე რომ, იქ საშიში და საგანგაშო არაფერი მინახავს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი