logo_geo
გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ დაზიანებები აღენიშნებოდა
- +

13 მარტი. 2019. 01:41

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რეზო ქობალია აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების თაგილონი-ნაბაკევის საზღვართან მაშინ დააკავეს, როცა ის მდინარე ენგურით, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცდილობდა გადასვლას.

 

მისი თქმით, ირაკლი კვარაცხელია რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაბაკევის ბაზაზე გადაიყვანეს. მას კვირას, 10 მარტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

 

როგორც რეზო ქობალია ამბობს, ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა გულის უკმარისობა.

 

სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე არსებულ დევნილების კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელაა ჩაწერილი, ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ათი წელია აქ არ უცხოვრია. მათივე თქმით, კვარაცხელია დევნილების კომპაქტურ ჩასახლებაში ბებიასთან და ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, როცა ბებია და ბიძა გარდაიცვალნენ ის საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია დეფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

 

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი