logo_geo
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა
- +

10 თებერვალი. 2017. 14:38



საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. შემდეგ ეტაპზე, იმ კომპანიების ფინანსური წინადადებების გახსნა მოხდება, რომლებიც ტენდერით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს სრულად დააკმაყოფილებენ.


პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.  სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.


არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომელსაც ვიწრო ქუჩებში  უწევს გადაადგილება. პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მოანკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.


ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.


აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.


E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.





 

big_banner
არქივი