logo_geo
ზუგდიდში, სავარაუდოდ, ადრეული ქრისტიანული სამარხები აღმოაჩინეს
- +

17 ივნისი. 2019. 13:34

 

 

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯას ციხეში (ჯიხა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა ორი მიცვალებულის თავი ქალა აღმოაჩინეს.

 

სამარხი, სავარაუდოდ, IV-X საუკუნეებისაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის დავით ლომიტაშვილის ინფორმაციით, ისინი ციხის ციტადელში ორი დღის წინ ნახეს.

 

„ეს, სავარაუდოდ, ქრისტიანული სამარხებია, რომლებიც დავაკონსერვეთ. ერთ-ერთი მათგანის მხოლოდ თავის ქალაა აღმოჩენილი, მეორის კი კისრის არეც. სამარხებში არ არის მიცვალებულისთვის ჩატანებული არაფერი. საკმაოდ ვიწრო თხრილებია და მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ აქ ეკლესიის გარშემო იყოს ქრისტიანული სასაფლაო“,- აღნიშნა ლომიტაშვილმა.

 

მომავალ წელს ციხეში სამუშაოების გაგრძელება იგეგმება, რის შემდეგაც აღმოჩენილ სამარხებსაც შეისწავლიან.

 

გარდა სამარხებისა, არქეოლოგებმა ჯიხაში, დაახლოებით, 3200 წლის წინანდელ, ძვ. წ. XI-X-IX საუკუნეების კერამიკულ მასალასაც მიაკვლიეს. ეს კი, მისივე თქმით, გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ ამ ტერიტორიაზე კულტურული განვითარების თარიღმა 14 საუკუნით ადრე გადაიწია.

 

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ციხეს „ჭაქვინჯა“ (ჯიხა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.

 

 

big_banner
არქივი