logo_geo
სამაშველო ოპერაციის გამო, დღეს ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გადაიკეტება
- +

29 ივლისი. 2019. 10:37

 

„დღეს, 06:00 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

მათივე ცნობით, გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად. იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა 27 ივლისს ავტო საგზაო შემთხვევის დროს ხევში გავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად.

 

„უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

უწყების ცნობით, დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოებიც დილის 06:00 საათიდან აქტიურად განახლდება. მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში პოლიცია და სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი