logo_geo
ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა
- +

10 აგვისტო. 2019. 19:26

 

 

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა, რომლის მიზანი მეფუტკრეობის დარგში აჭარის, როგორც წამყვანი რეგიონის პოპულარიზაცია და მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობაა.

 

აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარდგენილი. ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს პროდუქციის დაგემოვნებისა და შეძენის საშუალება ჰქონდათ.

 

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრო.

 

„მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ წარმოებას. განსაკუთრებით მეფუტკრეებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ისინი ამყარებენ ახალ კონტაქტებს, ეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს. გასაღების კუთხითაც მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები და ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, როგორც ჩვენი წარმოების განვითარებას, ასევე დაეხმარება ფერმერებს გასაღების ბაზრების მოძიებაში“, -აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერკლასები.

 

ფესტივალი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანაორგანიზებით ჩატარდა.

 

თაფლის ფესტივალს ზაფხულის სეზონზე ბათუმი უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

 

 

big_banner
არქივი