logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზი“ „Human Rights Watch“-ის ანგარიშს პასუხობს
- +

22 აგვისტო. 2019. 17:58

 

 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ეხმაურება „Human Rights Watch“-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს და, პირველ ყოვლისა, სურს, ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ იგი თავიდანვე იყო ჩართული „Human Rights Watch“-ის მიერ წარმოებულ კვლევაში, თანამშრომლობდა მასთან და, ადგილობრივად, ჭიათურაში აცნობდა სამუშაო გარემოსა და მის სპეციფიკას.

 

„Human Rights Watch“-ის ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეფასებებს კომპანიის ოპერირებისა და სამუშაო პრაქტიკის თაობაზე,  ისევე როგორც ყველა იმ საკითხს, რომელსაც ეხება დასკვნა,  კომპანია იღებს ძალიან სერიოზულად. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი. ასე  მაგალითად: ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაოს გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება, შესვენების საკითხი, კვოტების საკითხი. ასევე, არასრულყოფილად არის წარმოჩენილი მოპოვების ე.წ. ახალი სისტემა. კერძოდ, ამ სისტემით მომუშავე პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში იშუამდგომლონ მათთვის მისაღები ცვლიანობის მქონე სამუშაოზე გადაყვანის თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაში არსებული ცვლიანობის მრავალფეროვნება ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობას,  ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოებას და ამით მთელ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფარავს. ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლის და უფასო ტრანსპორტირების არსებობა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  მოპოვების ე.წ. ახალი მოდელი  არახალია,  აპრობირებულია საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში, სადაც წარმოებს  წიაღის მოპოვება (მაგალითად: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვა).

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემის შემოღებისას ინტენსიური უკუკავშირი არსებობდა პროფკავშირებთან და მაღაროს თანამშრომლებთან. იმართებოდა შეხვედრები, ვიზიტები ადგილზე სიტუაციის გაცნობის და სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების დათვალიერების მიზნით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის აზრით მან შესთავაზა დასაქმებულებს დასაქმების ისეთი მოდელი, რომელიც მოიცავს კვებას, ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რითაც ერთის მხრივ ამცირებს დასაქმებულთა ყოველდღიურ ხარჯებს, მეორეს მხრივ კი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მძიმე სამუშაო ადგილას მომუშავე პირებისათვის საჭირო და სათანადო დასასვენებელ გარემოს. რეალობამ ცხადყო, რომ აღნიშნული მოდელი საკმაოდ დიდი დაინტერესებით სარგებლობს შრომით ბაზარზე და დასაქმებულები საკუთარი შრომითი პირობების ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე არჩევენ მათთვის მისაღებ შრომით მოდელს.

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ „Human Rights Watch“-ის კვლევის პარალელურად წარმოებდა და ახლაც მიმდინარეობს კომპანიისა და დასაქმებულებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლის შედეგად, გადაიხედა და მომავალშიც უნდა გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის გარკვეული საკვანძო საკითხები. კომპანიისთვის დასაქმებულების შრომითი და სოციალური უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად მუშაობს არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და დასაქმებულთა პირობების სრულყოფაზე.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, „Human Rights Watch“-სა და პროფკავშირებთან ერთად  ნებისმიერ სამუშაო ფორმატში  გააგრძელოს თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტურ მუშაობას  როგორც დასაქმებულთა შრომითი პირობების უზრუნველყოფის, ისე - შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ნაწილში.

 

 

big_banner
არქივი