logo_geo
აქციის მონაწილეებმა უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს
- +

25 აგვისტო. 2019. 14:13

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

 

მათ პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან სურდათ შეხვედრა, რომელიც მესტიაში დღეს უნდა ჩასულიყო.

 

ერთ-ერთმა ადგილობრივმა შორენა გულედანმა „პირველს“ უთხრა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.

 

„ყოველთვის ასე გვაწყნარებენ, რომ პროგრამაში ჩადებულია ცენტრალური გზის, საბაგირო გზების მშენებლობა, მაგრამ არ დადგა ის დღე, როცა მართლა უნდა დაიწყოს. ამაზე არავინ ზრუნავს და არავის აინტერესებს. ზამთარში გადაადგილება კიდევ უფრო რთული ხდება. იმის მაინც არ რცხვენიათ, რომ აქ ტურისტები ნაგავში და მტვერში გადიან 12-კილომეტრიან გზას?“ - განაცხადა გულედანმა.

 

ადგილობრივებს გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, რის შემდეგაც გზა გაიხსნა.

 

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მათი პრობლემების შესახებ ინფორმირებულია.

 

„ადგილობრივ დონეზე რაც შეიძლება გადაწყვეტილიყო, ეს არის გზის რეაბილიტაცია, რაც ტენდერზე გავიდა და შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. აქ არის წყლის, კანალიზაციის პრობლემა. ასევე საუბარია სოფლის განვითარების გენგეგმის დამტკიცებაზე. დღეს გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა და დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს“, - ამბობს მერი.

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უშგულში დღეს, 25 აგვისტოს უნდა ჩასულიყო, თუმცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო ფრენა გადაიდო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი