logo_geo
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა
- +

28 სექტემბერი. 2019. 12:19

 

დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა.

 

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შემოვლითი გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე ცნობით, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები. გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

 

სამინისტროს ცნობით, გარდა აღნიშნული პროექტისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში რვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 55 მილიონი ლარია. ამ პროექტების ფარგლებში, ბაკურიანში აშენდება მრავალსართულიანი ავტოსადგომი, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზა და გაფართოვდება ავტოსადგომი დიდველზე, შენდება პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, მიმდინარეობს ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ასევე, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის 30-მდე სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკის შეძენაც.

 

 

big_banner
არქივი