logo_geo
სასამართლომ ბათუმში მეჩეთის აშენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
- +

30 სექტემბერი. 2019. 12:34

 

ბათუმში მეჩეთი არ აშენდება, თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუნიციპალიტეტის მერია მუსლიმი თემისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა. ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მუსლიმი თემის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, უკანონო და დისკრიმინაციულია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს, თუმცა, ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალდებულება არ დაკმაყოფილდა.

 

„ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა“, – აღნიშნა მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე.

 

ჯუმბერ ბეჟანიძემ ასევე აღნიშნა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა და ეს არაა ზოგადად მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ.

 

მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამი სტადიის გავლა დასჭირდება, აღნიშნულის ნებართვას კი, ბათუმის მერია გასცემს. სასამართლომ მხარეებს დრო მისცა, მათ შორის შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა, ორწლიანი პროცესის მიუხედავად მოლაპარაკება ვერ შედგა.

 

ბათუმის მერიამ მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი 2017 წლის მაისში უთხრა. მაშინ მერიამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობას ვერ დაუშვებდა, თუმცა ზონაში, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის აგებას ითხოვს, 7 ეკლესიაა და მერიას ამ მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.

 

„უსაფუძვლო იქნება იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს"– აღნიშნა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

 

მუსლიმი თემი წლებია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. მორწმუნეებს სადღესასწაულო ლოცვების შესრულება ქუჩაში ღია ცის ქვეშ უხდებათ, რადგან ბათუმის „ორთა ჯამე“ მლოცველებს ვერ იტევს.

 

 

 

big_banner
არქივი