logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურაში მაღაროელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
- +

2 ოქტომბერი. 2019. 16:27

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურაში მაღაროელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აქტივობები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ღონისძიების პირველი ნაწილი მაღაროელთა ბავშვებს დაეთმოთ. მოეწყო - ქიმიური შოუ, სახატავი და ფოტოკუთხე, ასევე - გასართობი პროგრამა, გათამაშებებითა და შეჯიბრებებით.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, 18 წარმატებული მაღაროელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა: სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ და საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან, ჭიათურის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცეს და მათ კომპანიისგან დაწესებული სამახსოვრო ჯილდოები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

 

წარმატებული მაღაროელები არიან: ბაგრატ ღუღუნიშვილი -შუქრუთის მაღაროდან, კობა ღვალაძე - კორონხალის მაღაროდან, ირაკლი გოგაძე - ვაკე-ტყე 1 მიწისქვეშა უბნის ამფეთქებელი, გიორგი სამყურაშვილი - უბნის მბურღავი, მევლუდ ხითარიშვილი - ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსი.

 

ასევე, სამახსოვრო ჯილდო გადაეცა აბრამიშვილების ოჯახს. შუქრუთის გამორჩეული გვირაბგამყვანი ზაზა აბრამიშვილი გასულ წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

 

ჯილდო გადაეცა მარგარიტა ტყემალაძეს, ქალბატონს, რომელიც წერეთლის სახელობის სახალხო საბაგირო გზას წლებია მართავს.

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ღვაწლმოსილი თანამშრომელი, 88 წლის პეტრე ტეფნაძეც დააჯილდოვა, ასევე - მიწისქვეშა მტვირთავის ახალგაზრდა მემანქანე, ჯაბა გოგალაძე, ძმები კახა და მუხრან ბიწაძეები, მაღაროს გეოლოგი - მაქსიმ მახათაძე, თამაზ კაციტაძე, 80 წლის შუქრი გრიგალაშვილი, კახა მოდებაძე, სულხან გურული, ელგუჯა ფრიდონაშვილი და თამაზ ცუცქირიძე.

 

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ადგილობრივების წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები: აჩიკო ნიჟარაძე, ბესიკ კალანდაძე, ქეთი გაბისიანი და ანსამბლი „ფორტე“ წარდგენენ.

 

კონცერტი სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი