logo_geo
ტურის მოკვლა 50, მგლის მოკვლა 100 ლარი ეღირება
- +

18 ოქტომბერი. 2019. 20:46


​გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების (ლიკვიდაციის) უფლებამოსილება შესაძლოა მუნიციპალიტეტს გადაეცეს. არსებული წესით, თუ გარეული ცხოველის შინაურ ცხოველზე ან ფრინველზე თავდასხმის ფაქტი დგება, მუნიციპალიტეტი მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც დელეგირებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს უფლებამოსილების მინიჭებას, რათა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში გარეული ცხოველი მოკლან. 

 

“ცხოველთა სამყროს შესახებ” კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

 

ცვლილება გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცემა შესაძლებლობა, მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას, ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ გარეული ცხოველების გარემოდან გამოღება.

 

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. დეპუტატებმა ის პირველი მოსმენით განიხილეს.

 

როგორც ნინო თანდილაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღება მუნიციპალურ დონეზე. მუნიციპალიტეტს გადაეცემა უფლებამოსილება, საკუთარ ტერიტორიაზე ასეთი პროცესები თვითონვე დაარეგულიროს, თუმცა ცალკე შეიქმნება მთავრობის დადგენილება, რომელიც გარეული ცხოველის ბუნებიდან ამოღების წესებს დაადგენს – გაიწერება გამარტივებული პროცედურები, ზედამხედველობას კი, გარემოს დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

 

ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც გარეულ ცხოველებზე ნადირობის გამოცდილება აქვთ.

 

„პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევები, რომ მუნიციპალიტეტი ქირაობდა მომსახურების ხელშეკრულებით ამ კონკრეტულ პირებს და დაახლოებით 100-150 ლარის ანაზღაურების ფარგლებში ხდებოდა მათთვის დავალების გაცემა, რომ გარეული ცხოველების ბუნებიდან ამოღება მომხდარიყო. ცხადია, ჩვენ ამ ნაწილშიც ვფიქრობთ, რომ გვექნება მუნიციპალიტეტებთან კონსულტაცია, რადგან ეს საქმე საჭიროებს გამოცდილებას და ცოდნას, მათ უკეთ იციან, ვინ არიან ასეთი ადამიანები, მათი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, გარეული ცხოველის ბუნებიდან ამოღების შემდეგ, შეტყობინება შევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, რომელიც დაესწრება განადგურების პროცესს. მისი განადგურება შესაძლებელია ინსინირატორში, ან დამარხვა გარკვეული წესებით.

 

კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო სათანადო ფინანსური რესურსი, კერძოდ, ერთი ტურის (მელიის) ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის 50-ლარი, ერთი მგლის ამოღებისთვის – 100 ლარი.

 

„აღნიშნული თანხები განსაზღვრულია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის გათვალისწინებული თანხების მიხედვით. აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლების (2014-2018 წწ.) განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა ხელშეკრულებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღეს 450-მდე მგლის, 190-მდე ტურის და 10-მდე მელიის ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება, რის საფუძველზეც ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ იქნა 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი