logo_geo
გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა
- +

20 ოქტომბერი. 2019. 14:14

 

გუდამაყრის ხეობა ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება. ეს შესაძლებელი გახდა ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სხვადასხვა ორგანიზაციათა ჩართულობით მიმდინარეობს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც ხორციელდება მრავალრიცხოვანი პროექტები, რომლის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი.

 

„ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მთის სოფლების ინტერნეტში ჩართვა ხელს შეუწყობს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებას. გარდა ამისა, აღნიშნული ზამთარში კლიმატური პირობების გამო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გარესამყაროდან იზოლაციის დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობებში (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა  დასრულდა სრულად, მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ჩართულია 120 აბონენტი.

 

 

 

ასევე განხორციელდა ფასანაური-წინამხარი-კიტოხის მაგისტრალის დასრულება გუდამაყრის ხეობაში, გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა მზადაა ჩასართავად ინტერნეტში, რომელიც ეტაპობრივად დაიწყება;

 

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების შედეგად ფართოზოლოვანი ინტერნეტით იქნება დაფარული ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი.

 

პროექტის ბენეფიციარებია ააიპ „მთის სათემო ქსელი“, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), ISOC-ის ევროპის ოფისი, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია, ჩეხეთის საელჩო საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტი, კომპანია „ვეონი საქართველო“, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს „დიგიტალ ტექნოლოგი“, შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.

 

 

 

 

big_banner
არქივი