logo_geo
ხალდეს მერცხლები - „სულ ამას ვნატრობ, რომ ეს სოფელი გაცოცხლდეს“
- +

21 ოქტომბერი. 2019. 22:48

 

ერეკლე ჯოხაძე პირველი მერცხალია იმ ოჯახებს შორის, ვინც 1987 წელს, სვანეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ მშობლიურ სოფელ ხალდეში დაბრუნდა. მე-19 წელია მამაპაპისეული სახლის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობს. სულ 10 დედმამიშვილი არიან და ზაფხულობით, შვილებიან-შვილიშვილებიანად 50-მდე გროვდებიან. 

"ბოლო 2-3 წელია ტურიზმიც წამოგვეწია. დიდი ხელშეწყობაა. ბევრი ბრუნდება ახლა და მე მგონი, სოფელი გაივსება, ჩემი ნატვრა ასრულდება. სულ ამას ვნატრობდი, რომ ეს სოფელი გაცოცხლდეს", - ამბობს ერეკლე.

ხალდე კალის თემშია, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. იფრალიდან 10 წუთის სავალზე.

ზამთარში იფრალამდეც რთულია ასვლა, გზის მოუვლელობის გამო, იფრალიდან ხალდემდე კი რამდენიმე საზვავეა და გზას არავინ წმენდს. ხალდეში შუქიც არასდროს ყოფილა, არადა იფრალიდან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული.

ერეკლე 2000 წლიდან მიმართავენ ხელისუფლებას, რომ ხალდეში გზა და დენი გაიყვანონ. წლეულს, ნოემბრის შუა რიცხვებამდე დაჰპირდნენ სოფელში შუქის მიყვანას.

"ზამთარშიც სიამოვნებით დავრჩებოდით აქ. უზარმაზარი წვალება გვიწევს - გვიან შემოდგომაზე სატვირთოზე დაბარგება და აქედან დაბრუნება გარდაბანში, გაზაფხულზე კი ისევ უკან ამოსვლა. ხარჯიც დიდია, მაგრამ ზამთარში აქ გზა იკეტება. ტრაქტორი უნდა, რომ გაწმინდოს. ექიმი რომ დაგვჭირდეს, რა უნდა ვქნათ? დახმარება მოაბრუნებს აქ ხალხს. ბევრ ოჯახს არა აქვს იმის ფული, რომ მამაპაპისეული სახლი აღადგინოს. ბევრს უნდა მოსვლა, მაგრამ ვერ ახერხებს".

ჯოხაძეების ოჯახი მადლიერია სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში". შარშან, მცირე გრანტი მიიღეს, მზის ბატარეები შეიძინეს - ნათურასაც ანთებენ და ტექნიკასაც ამუშავებენ.

ტურისტების რიცხვის ზრდასთან ერთად, სოფელმა ძველი იერსახე და ღირებულება რომ არ დაკარგოს, ადგილობრივები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ყურადღებას და მხარდაჭერას ითხოვენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი