logo_geo
წყალი, რომელსაც ცეცხლი ეკიდება, სოფელ ძიმითის მკურნალი წყარო (ვიდეო)
- +

28 ოქტომბერი. 2019. 23:54


გურიაში, სოფელ ძიმითში, მიწიდან ბუნებრივად ამომავალ წყალს ცეცხლი ეკიდება.   ცოტამ თუ იცის მისი უნიკალური თვისებების შესახებ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, წყალი, რომელიც დიდი რაოდენობით გოგირდს შეიცავს, 30-40 წლის წინ აღმოაჩინეს და ის  სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ამ ადგილს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს, არც წყლის სინჯი აუღია ვინმეს და მისასვლელი გზაც მოუწესრიგებელია.

იური გვარჯალაძე ამბობს, რომ წყალს ბევრი კარგი თვისება აქვს, შველის რადიკულიტს და სხვადასხვა დაავადებებს. ყოფილა შემთხვევა, ჯოხით მოსულა ადამიანი, მიუღია ამ წყლის აბაზანა და სრულიად ჯანმრთელი წასულა სახლში.

ადგილობრივი რომან სალუქვაძე  ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აღნიშული წყლის სამკურნალო თვისებებში არაერთხელ დარწმუნდა. როგორც ის ამბობს, ბევრი ადამიანი უნახავს, რომელიც გოგირდის, ცეცხლმდინარე წყლის აბაზანის შემდეგ განკურნებულა.

 

“ძირითადად, ამ წყალს მარილებისთვის იყენებენ, ბავშვებისთვის არის. მეზობელი სოფლიდან მოიყვანეს ადამიანი, ტრანსპორტით. ვერ დადიოდა და მეხუთე აბაზანის მიღების შემდეგ გაიარა. მე თვითონ ვარ ამის მნახველი. ამ წყალს პატრონი უნდა. საიდან არ ჩამოდიან და ყველა კმაყოფილია. სირცხვილია, რომ ასეთი მდგომარეობაა ირგვლივ, “– გვიყვება სალუქვაძე.

 

ადგილი,  რომელიც უამრავ ადამიანს, თავისი უჩვეულობით იზიდავს, საოცრად დაბინძურებულია, წყალი ნაგვიითაა სავსე და მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს.

 

იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ წყალს ცეცხლი მოუკიდოს და ფოტოები გადაიღოს, ადგილს საკვების ნარჩენებით და ნაგვით ავსებს. შემდეგ კი ასე დაბინძურებულს ტოვებს. სწორედ ამიტომ, ეს უნიკალური ადგილი უბრალო ნაგავსაყრელადაა ქცეული და მისი სამკურნალო თვისებების შესახებაც ბევრისთვის უცნობია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი