logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ თაოსნობით, ზესტაფონში მეტალურგის დღე მასშტაბურად აღინიშნა
- +

31 ოქტომბერი. 2019. 17:19

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ თაოსნობით, ზესტაფონში მეტალურგის დღე მასშტაბურად აღინიშნა. სხვადასხვა ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და უამრავი ეკოლოგიური და გასართობი პროექტი მოიცვა.

 

ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც ამ დღის ფარგლებში აღინიშნა „გაამწვანე მომავალია“. პრო-ეკოლოგიური წარმოება „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი სტრატეგიაა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მრავალმილიონიანი პროექტი ხორციელდება. „გაამწვანე მომავალი“ მხოლოდ ერთი მცირე მათგანია და ის ზესტაფონში 25 ათასზე მეტი ხის დარგვას ითვალისწინებს.

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“, მეტალურგის დღეს „გაამწვანე მომავლის“ მეორე ეტაპი დაამთხვია და ზესტაფონისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფლის 26 სკოლასა და 48 საბავშვო ბაღს 4 ათასამდე აკაციისა და იფანის ნერგი გადასცა. კიდევ 1 000 ნერგი კი უშუალოდ ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე დაირგო, რაც იმის დასტურია, რომ მწვანე ბუნებისა და შავი მეტალურგიის თანაარსებობა შესაძლებელია.

 

„შესაძლოა, დღეს ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სწორედ დღეს, სწორედ ასეთი მომავლის სტარტს ვიღებთ“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

„გაამწვანე მომავალი“ სწორედ მისი ინიციატივაა, რომელიც წელს გაზაფხულზე დაიწყო და 2 ათასამდე ნერგიც უკვე დაირგო. მეტალურგის დღეს კი მეორე ეტაპმა აიღო სტარტი, ხოლო ნოემბერსა და მომავალი წლის გაზაფხულზე, მესამე და მეოთხე ეტაპებს ვიხილავთ, შედეგად, ჯამში ზესტაფონის მუნიციპალიტეტს. 25 ათასზე მეტი ხე შეემატება.

 

„უთხარით თქვენს მეზობლებს, ახლობლებს, ყველას ვისაც სურს ამ საშვილიშვილო საქმეში ჩაერთოს, მოგვმართონ ჩვენ და რამდენი ხის დარგვასაც ისურვებენ, უსასყიდლოდ იმდენ ნერგს მივაწვდით“, - მიმართა ნიკოლოზ ჩიქოვანმა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ განახლებულ, გიორგი ნიკოლაძის სკვერში შეკრებილ ზესტაფონელებს.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია განსაკუთრებულ სიმბოლიზმს ხედავს „გაამწვანე მომავლის“ პროექტში საგანმანათლებლო ინსტიტუტების მონაწილეობას, მეტალურგის დღის ფარგლებში, კომპანიამ რაიონის საბავშვო ბაღების ასობით აღსაზრდელს მასშტაბური დღესასწაული მოუწყო, უამრავი ტკბილეულით, ატრაქციონებით, ასევე, ჯამბაზებისა და ანიმატორების მონაწილეობით.

 

„მადლიერების ცრემლი მადგას თვალზე, ჩვენი ბავშვებისთვის ეს მართლაც დაუვიწყარი დღეა, ასეთი დღესასწაულებით ნამდვილად არ არიან განებივრებულები“, - აღნიშნა უნარშეზღუდული ბავშვების ბაღის - „ცხოვრების მეგზურის“ დირექტორმა რუსუდან მდივანმა.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი, ეკო-მეგობრული სტრატეგია მეტალურგის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გასცდა. კომპანია მასშტაბური ეკოლოგიური პროექტებით ძირეულ ცვლილებებს ახორციელებს, არამხოლოდ ზესტაფონში, ჭიათურაში ან ფერო-მანგანუმის წარმოებაში, არამედ მთლიანად მძიმე მრეწველობაში.

 

კომპანიამ ჭიათურაში უკვე ათობით ჰექტარი მადანგამოცლილი ტერიტორიის რეკულტივირება მოახდინა და ყოველწლიურად რაიონს 50 ჰექტარ საუკეთესო ხარისხის სავარგულს შემატებს, სადაც მთიანი რელიეფის გამო, მცირემიწიანობის პრობლემაა.

 

კომპანიამ სარკინიგზო ხაზები, მადნის შემკრები და გადასატვირთი ცენტრები ააშენა, რის შედეგადაც მადნით დატვირთული მძიმე ტექნიკა ჭიათურის ცენტრში აღარ მოძრაობს. ჭიათურაში შეკრული ციკლის ულტრა-თანამედროვე მადნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა, რომელიც მყარი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ნულამდე დაიყვანს, ასევე დაასრულებს მდინარეში გარეცხილი შლამის ჩაშვებას.

 

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ძალისხმევით, ჭიათურასა და ზესტაფონისთვის ევროპიდან ასობით ათასი დოლარის ღირებულების თანამედროვე დასასუფთავებელი ტექნიკა ჩამოვიდა.

 

მეტალურგის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულზე სამაგიდო-სპორტულ სახეობებში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელთა შეჯიბრებები გაიმართა, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პრიზიორები, ასევე, მოეწყო მინი-ფეხბურთის ჩემპიონატიც, რამაც მთელი რაიონის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

 

დღის ბოლოს, თბილისიდან მიწვეულმა შემსრულებლებმა, მათ შორის, თეატრალურმა კვარტეტმა, აჩი ფურცელაძემ, ქეთი გაბისიანმა და ზუკა ხუციშვილმა მეტალურგის დღეს მასშტაბური კონცერტი მიუძღვნეს, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

ცნობისთვის, თანამედროვე ქართული მეტალურგია სწორედ იმერეთის სახელოვანი შვილის, გიორგი ნიკოლაძის სახელიდან იღებს სათავეს, რომელიც უკვე 86 წელია ვითარდება, ტექნოლოგიურად იხვეწება და გარემოსადმი სულ უფრო მეგობრული ხდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი