logo_geo
ეს ყველაფერი ბოლოს ზღვაში მოხვდება: უკანონო ნაგავსაყრელი ახალ ბულვართან
- +

7 ნოემბერი. 2019. 00:09

 

 

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია უკანონო  ნაგავსაყრელადა არის ქცეული. მძიმე ეკოლოგიური ვითარების ამსახველ ფოტოებს მოქალაქე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მწვანე საფარზე სპეციალური თხრილია გაკეთებული და ის სამშენებლო ნარჩენებით თითქმის ამოვსებულია.

 

"ეს ყველაფერი ბოლოს ხომ ზღვაში მოხვდება... ძირითადად სარემონტო სამუშაოების ნარჩენებია" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი „აჭარის ტელევიზიას“.

 

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში  ფაქტის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყვეს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დანაგვიანების შემთხვევები ადრეც ყოფილა, ჯარიმაც გამოუწერიათ, მაგრამ პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდა. მოქალაქეები ნაგავს ძირითადად ღამის საათებში ყრიან. „კანონდამრღვევების იდენტიფიცირება და ფაქტზე დაჭერა კი რთულია“, - ამბობენ "სანდასუფთავების" სამსახურში და გამოსავალს ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაში ხედავენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ კამერები ამ ეტაპზე არ გააჩნიათ. 

 

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიებს ძირითადად ის ფიზიკური პირები აბინძურებენ, რომლებიც ნაგვის გატანაზე მუშაობენ. აქ იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი ცხელი წერტილები ქალაქის მასშტაბით რამდენიმეა. კანონდამრღვევების იდენტიფიცირებაში  დახმარებას მოქალაქეებს სთხოვენ.

 

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, "სანდასუფთავების" სამსახურში ირწმუნებიან, რომ  მონიტორინგის ჯგუფი ფაქტს შეისწავლის და არ არის გამორიცხული, რომ ტერიტორია კიდევ ერთხელ გაიწმინდოს.

 

სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმა 200 ლარიდან იწყება და დანაგვიანების მასშტაბის მიხედვით იზრდება. ამ ეტაპზე მონიტორინგის სამსახურში 4 ინსპექტორი მუშაობს, რომლებსაც ერთი მანქანა ემსახურებათ.

 

 

big_banner
არქივი