logo_geo
ზვიად ზვიადაძე: ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დავაბრუნოთ
- +

14 ნოემბერი. 2019. 16:00

 

„ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა საქართველოს მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან დროულად იქნას დახსნილი“, - ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

 

მისი თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ გატაცების შესახებ ცნობილი გახდა, ყველა შესაძლო არხი და საშუალება გააქტიურდა.

 

„სახელმწიფო მინისტრმა იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოში. დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

 

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

 

big_banner
არქივი