logo_geo
ნათია თურნავა: ყველა შენობას უნდა ჰქონდეს ფუნქცია, ამაში ხალხის ფულია დახარჯული
- +

29 ნოემბერი. 2019. 22:24


ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობამ შესაძლოა განსხვავებული ფუნქცია შეიძინოს. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო შენობის ინვენტარიზაცია -შეფასების პროცესი და მის გასხვისებასაც არ გამორიცხავენ.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ყველა შენობას უნდა ჰქონდეს ფუნქცია, ამაში ხალხის ფულია დახარჯული, ამიტომ ხელისუფლება, რამდენიმე დიდი ობიეტის გაყიდვას გეგმავს.  

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქონების ინვენტარიზაცია და შეფასება ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობს, როდესაც ობიექტს ქონების ეროვნული სააგენტო თავის ბალანსზე იბარებს. ამის შემდგომ განსაზღვრავს მთავრობა მისი განკარგვის საკითხს. 

 

როგორც მინისტრმა განმარტა, მთავრობის მთავარი ამოცანა არის არა ასეთი ქონების გასხვისება, არამედ მისთვის რაციონალური ფუნქციის მოძებნა.


სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ შემდგომ ტაქტიკას - ეს იქნება აუქციონით პრივატიზება, სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება და მართვაში გადაცემა თუ საინვესტიციო პირობებით ინვესტორის მოძებნა - ეს ტაქტიკაა,  მთავარი ამოცანა კი ის არის,  რომ შენობა აუცილებლად უნდა იყოს თავისი ფუნქციით გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გვაქვს დავალებაც მიღებული, რომ ვიფიქროთ ასეთი შენობების დატვირთვაზე, მისთვის სწორი ფუნქციისა და მისიის მოძებნაზე, რადგან ამაში ბიუჯეტის, ხალხის  ფულია დახარჯული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არსებობს მოთხოვნა ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთავრობა იფიქრებს კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის ყველაზე მორგებულ ფორმაზე, დანარჩენი კი ტაქტიკის ნაწილია.

ჩვენი ამოცანაა, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ მოცდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 

big_banner
არქივი