logo_geo
ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
- +

11 თებერვალი. 2020. 13:32

 

 

„წელს, ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა“, – ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, კრწანისის გამგეობისთვის 2018-2019 წლებში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო.

 

„ორი წლის განმავლობაში შევძელით, დაახლოებით, 3 ჰექტარი რეკრეაციული სივრცის შექმნა. მოსახლეობას გასულ წელს ამავე ფორმატში დავპირდით ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსის მშენებლობა. დღეს გამოვაცხადეთ სამუშაოებზე ტენდერი და სულ მალე, ფონიჭალაში 12 000 კვადრატული მეტრი ფართობის სკვერის გაგრძელებაზე სარაგბო მოედანი მოეწყობა. ასევე, დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაცილი სივრცის მოწყობასაც ითვალისწინებს. წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც კრწანისის რაიონს კიდევ უფრო გამწვანებულს გახდის“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

 

კრწანისის რაიონის გამგეობამ 2018-2019 წლებში ზემო ფონიჭალაში სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო, რომელიც თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი. ტერიტორიაზე განთავსებულია ორი სპორტული მოედანი და საბავშვო ზონები. სკვერის უკანა ნაწილში, მიმდინარე წელს სარაგბო კომპლექსი აშენდება. პროექტის თანახმად, სპორტული კომპლექსი 13 000 კვ.მ-ზე განთავსდება. სამუშაოების ღირებულება 3 086 626 ლარია.

 

ზემო ფონიჭალაში, N7, N5 და N11 კორპუსების მიმდებარედ, 12 000 კვ.მ-ზე მრავალფუნქციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეც მოეწყობა, სადაც საკონცერტო კუთხე, ამფითეატრი, საბავშვო და დასასვენებელი ზონები განთავსდება. ასევე, მოეწყობა სკეიტ პარკი, შინაური ცხოველების გასასეირნებელი ზონები, მწვანე ხეივნები და ველობილიკი.

 

 

 

big_banner
არქივი