logo_geo
ოკუპირებულ რეგიონს საკვები პროდუქტები უკვე რუსეთის მხრიდანაც არ მიეწოდება
- +

19 თებერვალი. 2020. 23:13

 

 

ოკუპირებულ ცხინვალში პროდუქტების დეფიციტია. უკვე სამი კვირაა, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონში საკვებს არ უშვებს. ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე, ახლა უკვე არა მხოლოდ ქართველებით დასახლებული სოფლებია.

 

მაღაზიების დაცარიელებული დახლები ცხინვალში რეალობად იქცა. საქართველოსთან მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონს საკვები პროდუქტები ახლა უკვე რუსეთის მხრიდანაც არ მიეწოდება. შეზღუდვის მიზეზად ტვირთის გადაზიდვის ძველი რეგულაციები სახელდება, რომლის ამოქმედებაც რუს მებაჟეებს წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ახსენდებათ. ე.წ. კანონებისადმი საჩვენებელი ერთგულება ოკუპანტებმა წელს თებერვლის დასაწყისში გადაწყვიტყეს, ქვემო ზარამაგის საბაჟოზე პრუდუქციით დატვირთულ მანქანებს მესამე კვირაა რუსები მათსავე ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ უშვებენ. რეგიონში განსაკუთრებით რძის და ხორცპროდუქტების ნაკლებობაა. ხალხი შიმშილის ზღვარზეა.

 

ჰუმანიტარული კრიზისის ამსახველ ვიდეომასალას თავად დე-ფაქტო რეჟიმის მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქციის მარაგი მხოლოდ 10 დღეს ეყოფათ. მოსახლეობას იმით ამშვიდებენ, რომ სხვა თუ არაფერი, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 2 თვის სამყოფი პურის ფქვილი არსებობს. კრიზისულ ვითარებას ისიც ამწვავებსს, რომ დე-ფაქტო რეჟიმმა ქართული მედიკამენტების გაყიდვა აკრძალა და პრეპარატების აფთიაქებიდან ამოღება დაიწყო. რეჟიმმა გადაწყვეტილების მოტივებიც განმარტა და განაცხადა, რომ არ აპირებს ქართული წარმოების განვითარებას ხელი შეუწყოს. ფაქტს დღეს მწვავე რეაქციები მოჰყვა თბილისში აკრედიტებული დიპლომატებისგან.

 

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველები, რომელთაც დე-ფაქტო რეჟიმმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან კომუნიკაცია აუკრძალა და ოკუპირებულ ზონაში ტვირთის შეტანის ნებართვასაც არ აძლევს. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, კრემლი არამხოლოდ ეთნიკურად ქართველების, არამედ - ოსების შევიწროვებასაც განაგრძობს.

 

ოს მეწარმეებს, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა დასახელების და ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტი ერთი სატვირთო ავტომობილით მიაქვთ. რუსი მებაჟეები პროდუქციის განცალკევებას ითხოვენ, ეს კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც, ცხინვალის მცირე ბაზრის გამო, ოს მეწარმეებს არ გააჩნიათ.

 

ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან და და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა წერილები გაუგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება.

 

 

big_banner
არქივი