logo_geo
კახეთის რამდენიმე ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება
- +

17 აპრილი. 2020. 19:34

 

 

გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მეუფე ექვთიმეს გადაწყვეტილებით, ყველაწმინდის მონასტერში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება.

 

 

მეუფე ექვთიმეს განმარტებით, გადაწყვეტილება, მან შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

 

 

„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, გადავწყვიტეთ, მრევლის გარეშე ჩავატაროთ სააღდგომო წირვა- ლოცვა. სახელმწიფომ დააწესა აკრძალვები და ყველა უნდა დავემორჩილოთ, კორონავირუსის გამო, საფრთხე არსებობს და ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა“,- განაცხადა მეუფემ „პრაიმტაიმთან“.

 

 

მრევლის გარეშე ჩაატარებენ სააღდგომო ლიტურგიას გურჯაანის სამების ტაძარში. ტაძრის წინამძღვრის, მამა ილიას ინფორმაციით, ტაძრის მრევლი დათხოვილია სახლში.

 

 

„მეუფესგან მივიღეთ კურთხევა და გადავწყვიტეთ, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიაში ვიქნებით მხოლოდ ჩვენ. მრევლი იქნება სახლში. მეორე დღეს, ვისაც სურვილი ექნება დაანთებს სანთელს, მაგრამ მსახურება არ იქნება“, – განაცხადა მამა ილიამ.

 

 

გურჯაანი-ველისციხის ეპარქიისგან განსხვავებით, სააღდგომო ღამისთევა ჩატარდება ალავერდის საკათედრო ტაძარში.

 

 

ეპარქიის მეუფე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი განმარტავს, რომ მრევლი ტაძარში, საღამოს 21 საათამდე მივა.

 

 

„ვისაც სურვილი აქვს მოვა ტაძარში და დილამდე დარჩება. ვინც ვერ შეძლებს მეორე დღეს ექნება მოსვლის შესაძლებლობა. აქ ჩვენ დავიცავთ უსაფრთხოების წესებს და იმ რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვამ მოგვცა“,- განაცხადა მეუფე დავითმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი