logo_geo
ზუგდიდიდან ანაკლიამდე შესაძლოა ველოტრასა მოეწყოს
- +

29 მარტი. 2017. 21:22



ზუგდიდიდან-ანაკლიამდე შესაძლოა ველოტრასა მოეწყოს. „ივერია მოტორსს", რომლის პარტნიორია ფრანგული კომპანია SMOOVE-ს, პროექტი უკვე მზად აქვს. მათ რამდენიმე თვის წინ ქალაქის მერთან ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრაც გამართეს და საკუთარი ინიციატივა გააცნეს. „ივერია მოტორსის" წარმომადგენელმა გიორგი ქიშმარიამ livepress.ge-ს უთხრა, რომ ჩანაფიქრის განხორციელება ტურისტული თვალსაზრისითაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. მისივე თქმით, პროექტის რეალიზებისთვის აუცილებელია თვითმმართველობის აქტიურობა ველობილიკების მოსაწყობად. ამის შემდეგ კომპანია ველოსიპედებს შემოიყვანს საკუთარი ველომოწყობილობებით. მოხდება ველოსადგომების განთავსებაც. მსგავსი რამ SMOOVE-ის უკვე გაკეთებული აქვს ქალაქ ბათუმში, რომელიც გიორგი ქიშმარიას საკმაოდ ცოცხალ და ამბიციურ პროექტად მიაჩნია.


„ეს ველოსიპედები არის ანტივანდალური, ძალიან კარგი ხარისხის. აქვს დამცავი ფუნქციები, პრაქტიკულად ვერ მოიპარავ. ანაკლია ზუგდიდი - მოგვეწონა ეს მიმართულება. არის 35 კილომეტრიანი ტრასა. იქნება ძალიან საინტერსო ტურისტული მარშრუტი. „ჯემ ფესტის" ფესტივალი ტარდება ანაკლიაში და ეს ტურისტული მარშრუტი გააცოცხლებს ამ მიმართულებას. რა თქმა უნდა, ტურისტებიც ისარგებლებენ და ქალაქისთვის, ზოგადად რეგიონისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი", - განაცხადა გიორგი ქიშმარიამ და შენიშნა, რომ მზად არიან ინვესტიცია ველოტრასების განვითარებისთვის ზუგდიდთან ერთად ფოთშიც ჩადონ.


კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ქალაქ ზუგდიდისთვის პირველ ეტაპზე 100 ველოსიპედი საკმარისი იქნება, ანაკლიის მიმართულებით კი 300-400 საკუთარი სადგომებით. მსურველებისთვის გაქირავების სერვისი იმოქმედებს, თუმცა კონკრეტულ ფასზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ არიან.


„ველოტრასის მშენებლობა არ ჯდება ზოგადად ძალიან დიდი თანხა. 20 კილომეტრზე 100 ათას ევრომდე. ზუგდიდზე ფრაგულმა კომპანიამ კვლევებიც აწარმოა, რომელიც უკვე დასრულებულია", - აღნიშნა გიორგი ქიშმარიამ.


დასრულდება თუ არა ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველოტრასის მშენებლობა მუსიკალურ ფესტივალ Gem fest-მდე, კომპანიის წარმომადგენელის თქმით, ისინი სრულად ადგილობრივ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულები.


შემუშავებულ პროექტში აღნიშნულია, რომ ველობილიკები ევროპაში აპრობირებული მსუბუქი, იაფი, ეფექტური და ეკოლოგიურად ჯანსაღი სატრანსპორტო საშუალებაა.


ზუგდიდის ძირითადი ნაწილი კომპანიის განმარტებით, ექვემდებარება ველობილიკების მოწყობას, მით უფრო ქალაქის კლიმატური პირობები იძლევა შესაძლებლობას, ტურისტების მსგავსად ადგილობრივებმა ველოსიპედებით მთელი წლის განმავლობაში ისარგებლონ. პროექტის გათვლებით, პოტენციურად ველოტრასებს 34 ათასი ადამიანი გამოიყენებს.


თავის მხრივ, ქალაქის მერიაში livepress.ge-ს განუცხადეს, რომ საკონსულტაციო, სამუშაო შეხვედრები SMOOVE-სთან არაერთხელ გაუმართავთ და აქვთ მოლოდინი, რომ პროექტი განხორციელდება.

 

„თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტით აღნიშნული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რთულია. ამ პროექტის განხორციელებას მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განიხილავს", - განმარტავენ მერიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი