logo_geo
კასპში ნინო თაბუაშვილის (თაბური) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო
- +

14 ივლისი. 2022. 17:43

 

 

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოქანდაკის, მხატვრისა და მწერლის ნინო თაბუაშვილის (თაბური) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.

 

სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა შემოქმედებითი მუშაობა სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, რომელიც ქანდაკებებთან ერთად მოიცავს ბარელიეფებს, მედალიონებს, ნახატებს ფერწერულ და გრაფიკულ ჟანრში.

 

ნინო თაბუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებში, ორჯერ კი მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. იგი იყო მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და მხატვარი. შემდეგ ის მწერლობამ გაიტაცა და ათზე მეტი ისტორიული  რომანი გამოსცა.

 

მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, ნამუშევრები კი დაცულია მუზეუმებში, კულტურის სამინისტროსა და სამხატვრო ფონდის საცავებში, ასევე ინახება ოჯახებში.

 

წარმოშობით სოფელ დოესის მკვიდრის ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის მართლაც სიურპრიზი იყო, რადგან ისინი აქ არასოდეს გამოფენილა და შესაბამისად  უცნობი იყო.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა მოქანდაკის ძმისშვილებს ქეთი და გიორგი თაბუაშვილებს, რომლებმაც მუზეუმს 30 ბარელიეფი, 10 მრგვალი ქანდაკება, 12 ფერწერული ტილო და წიგნები საჩუქრად გადასცეს.

 

ნინო თაბუაშვილი 2018 წელს გარდაიცვალა.

 

big_banner
არქივი