logo_geo
სოსო მანჯავიძე: ბანკების მადას „მოთოკვა“ უნდა
- +

29 მაისი. 2018. 20:37

 

 

საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ახალ საკანონმდებლო რეფორმას საბანკო-საფინანსო სფეროში დადებითად აფასებს.

 

როგორც მანჯავიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ფინანსური „მტაცებლების“ თარეში უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, მინისტრის ეს გაბედული ინიციატივები იმედისმომცემია, რომ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

 

„ყოველთვის ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა, შეუზღუდავი თარეში ფინანსური „მტაცებლების“, რომელიც უნდა დასრულდეს. აქამდე სახელმწიფო ვერ უწევდა ფინანსურ ზვიგენებს წინააღმდეგობას. ახლა კი, როგორ შეიძლება ეს ინიციატივები უარყოფითად შეაფასოს ადამიანმა. ხოლო ის რიტორიკა, რომ ეს ფინანსურ ბაზარზე უარყოფითად იმოქმედებს და ა.შ სიცრუეა, პირიქით ეს ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების პროცესს შეუწყობს ხელს. ეს ხელშემწყობი იქნება, ასევე, ბიზნესის განვითარებისთვისაც. ამ სექტორში თამაშის წესები ყველასთვის სამართლიანი და თანასწორი უნდა გახდეს. მინისტრის ეს ინიციატივა კი ნამდვილად დროული და ამასთანავე გაბედული ნაბიჯიცაა. მისი პრაქტიკული და თანმიმდევრული მოქმედება კი, იმედისმომცემია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მივა ლოგიკურ შედეგამდე, რაშიც ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. სიღატაკის დაძლევის ერთადერთი გზა ჭარბვალიანობის დაძლევაა“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

 

მანჯავიძემ სალომბარდე სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აქამდე ეს იყო გაუმჭვირვალე სეგმენტი, რომელიც მოქალაქეების გაჭირვებით სარგებლობდა. როგორც სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, ეს სფერო აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

 

„ზოგადად, ლომბარდების საკითხი, რომ სახელმწიფო წესრიგია შესატანი, ეს ყველასთვის ნათელია. ფაქტობრივად, ეს არის გაუმჭვირვალე სეგმენტი, ფაქტობრივად, ისინი სარგებლობდნენ მოქალაქეების გაჭირვებით. შესაბამისად, ეს სფერო აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და ლომბარდებს უნდა მოეთხოვოთ გამჭვირვალეობა. კარგი ინიციატივაა, რომ დაგირავებული ნივთების აღრიცხვა მოხდება, ამასთან დაკავშირებული წესრიგის დამყარება მნიშვნელოვანია. არანაკლებ ხაზგასასმელია ბანკების რეგულაციები, რომელსაც დადებითი რეკომენდაცია გაეწია მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მხრიდან. ბანკების მადას „მოთოკვა“ უნდა. ჩვენი პრობლემა ისედაც ფინანსური აპარტეიდია, რომელიც ხორციელდება ბანკების მხრიდან, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის მედიათეკაში პრეზენტაცია გამართა, სადაც დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში.

 

მისი თქმით, ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.

 

აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი