logo_geo
„მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა“
- +

17 ოქტომბერი. 2018. 17:19

 

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედგენისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბიზნესმენთა გამოკითხვის მეთოდს იყენებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბიზნესის მიერ არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება და ოპერირება, არამედ საკუთრების უფლების დაცვა და უსაფრთხოება არის სწორად აღქმული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციის შეფასებისას.

 

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს.

 

2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა.

 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება მოიცავს 4 კომპონენტს და საქართველოს ქულები ოთხივე მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს.

 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ისეთ კომპონენტში, როგორიცაა ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. მისი თქმით, ქვეყანას გაუმჯობესება აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა, საკუთრების უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, რეგულაციების ეფექტიანობა, პრესის თავისუფლება, ელექტრონული მმართველობა, პოლიციის მიმართ ნდობა, მკვლელობების სიმცირე  და სხვა. აღსანიშნავია ასევე გამჯობესებები ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღების მზაობა, ჯანდაცვა, ვაჭრობის ღიაობა, ბაზრის დინამიურობა, ინოვაციური უნარ-ჩვევები, შრომის ბაზარი და ბაზრის მოცულობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში მომუშავე ბიზნესმა, რომელთა გამოკითხვაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს დაედო საფუძვლად, სწორად შეაფასა არსებული ვითარება, ხოლო ინდექსის მაჩვენებელი კარგი გზავნილი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, რათა მათ საკუთარი არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.

 

 

 

 

big_banner
არქივი