logo_geo
„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას უწყობს ხელს“
- +

21 იანვარი. 2019. 15:11

 

 

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.  ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ 2018 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას, რომელიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 484.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.0%-ით  აღემატება. მათ შორის იმპორტი გაიზარდა 14.9%-ით და 9 122.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, 3 362.1 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 22.9%-ით გაიზარდა.

 

ექსპორტის გაცილებით მაღალი ზრდის ტემპის შედეგად, 2018 წელს უარყოფითი ბალანსი 2.7%-ით შემცირდა  და სვაჭრო ბრუნვის 46.1% შეადგინა (2017 წელს 48.8%). შესაბამისად გაიზარდა ექსპორტის წილი ბრუნვაში 25.6%-იდან 26.9%-მდე.

 

2018 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო - ექსპორტი 196.7 მლნ აშშ დოლარი  (15%-ით და 25.3 მლნ აშშ დოლარით მეტი);  მინერალური წყალი - ექსპორტი 110.2 მლნ აშშ დოლარი (15%-ით და 14.4 მლნ აშშ დოლარით მეტი); ცხვრის ხორცი - ექსპორტი 36.4 მლნ აშშ დოლარი (53%-ით და 12.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი); უალკოჰოლო სასმელები - ექსპორტი 27.5 მლნ აშშ დოლარი (54%-ით და 9.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი);  თევზის ცხიმი - ექსპორტი 11.2 მლნ აშშ დოლარი (51% და 3.8 მლნ აშშ დოლარით მეტი);  ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - ექსპორტი 14.7 მლნ აშშ დოლარი (121%-ით და 8.0 მლნ აშშ დოლარით მეტი);  სპილენძის მადნები და კონცენტრატები -  ექსპორტი 504.1 მლნ აშშ დოლარი (19%-ით და 81.7 მლნ აშშ დოლარი); ფეროშენადნობები - ექსპორტი 352.6 მლნ აშშ დოლარი (15%-ით და 46.2 მლნ აშშ დოლარით); აზოტოვანი სასუქები - ექსპორტი 92.0 მლნ აშშ დოლარი (20%-ით და 15.6 მლნ აშშ დოლარით მეტი)  და ა.შ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას ევროკავშირში. 2018 წელს მნიშვნელოვნად - 11.5 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და 730.3 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა. მისი თქმით, ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გაიზარდა  ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

 

„ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის არის არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტაბილური ბაზარი. დარწმუნებული ვარ, პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში ძალიან დიდია,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

 

big_banner
არქივი