logo_geo
თამბაქოს ნაწარმი ერთ წელიწადში 32.7 პროცენტით გაძვირდა, პური და პროდუქტები - 10.2 პროცენტით
- +

4 მარტი. 2019. 11:52

 

2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2.3 პროცენტზე დაფიქსირდა.

 

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის  ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.  თამბაქოს ნაწარმზე ფასები მომატებულია13.0 პროცენტით.

 

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი საანგარიშო პერიოდში 4.6 პროცენტით გაიაფდა, ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმელზე  – 4.6 პროცენტით, ისე ფეხსაცმელზე 4.8 პროცენტით.

 

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ  ასევე რამდენიმე ჯგუფებზე, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 16.1 პროცენტით, აქედან თამბაქოს ნაწარმზე ფასები  32.7 პროცენტითაა მომატებული.

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. მათ შორის ფასები მომატებულია თევზეულზე  – 12.5 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე -10.2 პროცენტით,  ბოსტნეული და ბაღჩეული  – 7.6 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.3 პროცენტით, ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები  – 2.5 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა  და ყურძენზე  23.6 პროცენტით, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე – 3.4 პროცენტით.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ წელში ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები მომატებულია  3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. 4.8 პროცენტით გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა; ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 4.1 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურება  – 1.4 პროცენტით.

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, ამ ჯგუფში ფასების 2.0 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე  – 3.4 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 1.2 პროცენტით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი