logo_geo
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი, გაიზარდა
- +

19 აპრილი. 2019. 12:17

 

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მარტში, 196.0 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

 

საქსტატის ინფორმაციით,  ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტის მოცულობამ 502.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (17.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.3 პროცენტი შეადგინა.

 

მთლიანად სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 698.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 26.5 პროცენტით განისაზღვრა.

 

ასევე, 2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 416.1 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 576.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (13.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 992.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია, რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 13.8 პროცენტი იყო.

 

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: რუსეთი – 135.4 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 84.9 მლნ აშშ დოლარი და ბულგარეთი – 68.1 მლნ აშშ დოლარი.

 

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 316.0 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთი  – 221.8 მლნ. აშშ დოლარი და რუსეთი – 191.7 მლნ აშშ დოლარი.

 

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 373.3 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი – 327.0 მლნ. აშშ დოლარი და აზერბაიჯანი – 272.5 მლნ. აშშ დოლარი.

 

 

 

 

big_banner
არქივი