logo_geo
რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი გაზი აუქციონზე რვა კომპანიამ შეიძინა
- +

3 მაისი. 2019. 18:43

 

„რუსეთიდან საქართველოში აპრილში შემოტანილი გაზი აუქციონზე გაიყიდა და რვა კერძო კომპანიამ შეიძინა“, - ამის შესახებ „პირველ არხს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

 

საუბარია 6 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივ გაზზე, რომელიც „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ რუსეთიდან შეიძინა.

 

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 17 აპრილს ჩაატარა აუქციონი, რომელზეც 17 ლოტად სარეალიზაციოდ იყო გამოტანილი ბუნებრივი გაზის სხვადასხვა მოცულობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველ დაინტერესებულ პირს ჰქონდა. აუქციონი ჩატარდა გამჭვირვალედ და მასში მონაწილე 16 კომპანიიდან რვა გამარჯვებული გამოვლინდა. აუქციონზე გამოტანილი ბუნებრივი გაზი მთელი მოცულობით გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ღია აუქციონი არ შეეხო ე.წ. სოციალურ გაზს, რომელიც მიეწოდება მოსახლეობას და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს, რომლებიც საქართველოს ელექტროსისტემას ელექტროენერგიას აწვდიან. სოციალურ სექტორში საცალო მომხმარებელი გაზს წინასწარ განსაზღვრული ტარიფით იღებს“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

 

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოს კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 90 პროცენტი, ხოლო მთლიანი მოხმარების 97 პროცენტი იყო აზერბაიჯანული.

 

საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის ახალი ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაუმჯობესებულია, როგორც სომხეთში ტრანზიტის პირობები, ისე რუსული გაზის შესასყიდი ფასი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი