logo_geo
ირაკლი კოვზანაძე: პოპულიზმია ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს...
- +

31 მაისი. 2019. 14:45

 

„პოპულიზმია ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს, პასუხმისმგებლიანი დაკრედიტებით ვინმეს  აეკრძალა სესხის აღება“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მისი განცხადებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების არსებულმა პრაქტიკამ გაზარდა რისკები ფინანსურ სექტორში, ამავე დროს, ჩვენი თანამოქალაქეები მასობრივად სავალო წნეხის ქვეშ მოაქცია.  შედეგად, ხალხი უკანასკნელ საცხოვრებელსაც კი კარგავდა.

ირაკლი კოვზანაძე გამოეხმაურა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ კითხვას, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით მოსმენისას დაუსვა.

 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქაოტური ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებამ ორი მიმართულებით განახორციელა მოქმედებები: ერთი მხრივ, საქართველოს 600 000  მოქალაქეს ვალები ჩამოეწერა, მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა შემოიღო, რომელიც ვალების ხელახლა წარმოშობას ხელს შეუშლის.

 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან 4 საანგარიშგებო თვე გავიდა. 1 მაისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების წმინდა სესხები არათუ შემცირდა, არამედ მცირედით გაიზარდა კიდეც.  „შემცირებულია მხოლოდ სამომხმარებლო სესხების მოცულობა, ისიც, დაახლოებით, 3.3%-ით, რაც, ჩემი აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად აღდგება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, სწორი ანალიზისა და დასკვნების გამოსატანად, საჭიროა, რეგულაციების ამოქმედებიდან, სულ მცირე, 6-9 თვე გავიდეს. 

 

„ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილებები არაპროფესიონალური იქნება, თუმცა, დაკვირვების შემდეგ მე არ გამოვრიცხავ უფრო ელასტიურ მიდგომებს ამ საკითხში, პირველ რიგში დეველოპერებთან მიმართებაში“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი