logo_geo
გიორგი ცუცქირიძე: წმინდა ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება
- +

19 ივნისი. 2019. 14:33

 

 

„ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდო. ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 466.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს  და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 492.8 მლნ აშშ დოლარს, რაც 3.6 პროცენტით ნაკლებია. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და სავალუტო კურსზე ზოგადად“, - ამის შესახებ ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების კომენტირებისას განაცხადა. 

 

ექსპერტის განცხადებით, თუ 2016 წელს ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდოს  მაჩვენებელი 54.6 % იყო, შემდეგ წლებში კლება იწყო და შარშან 47.7%-მდე შემცირდა, ხოლო წელს პირველი ხუთი თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზე 40.9 %-მდეა შემცირებული.

 

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია  როგორც დსთ-ის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში, წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე დსთ-ის ქვეყნებში. თუ 2015 წელს იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 76.8 % იყო, მიმდინარე წელს მისი მაჩვენებელი 70.4 %-მდეა შემცირებული, სამაგიეროდ ექსპორტის წილი გაზრდილია 23.2 %-დან 29.6 %-მდე.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება უკვე დადებითად აისახა სავაჭრო ბრუნვაზე, რასაც თუ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარს გავითვალისწინებთ, აქვს ძალზე მზარდი პერსპექტივა, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის და უკვე ნომერ პირველ მეგა ეკონომიკასთან აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივას, რაც აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვას, და  საექსპორტო საქონლის დივერსიფიცირებით, წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკას  შეუწყობს ხელს აქ წარმოებული პროდუქციის გატანით საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი