ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა.
თუ გასული წლის ბოლოს დამტკიცებულ ბალანსში 2019 წლისთვის იმპორტის მოცულობა 2.8 მილიარდი კვტ.სთ-ით განისაზღვრა, ახალ ბალანსში საპროგნოზო მაჩვენებელი 1.6 მილიარდ კვტ.სთ-მდე შემცირდა. ამ მოცემულობით, 2019 წელს იმპორტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 7 პროცენტით გაიზრდება.
იმპორტის პროგნოზის გადახედვა მიმდინარე წელს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებითაა გამოწვეული.
ახალ საპროგნოზო ბალანსში შემცირებულია საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობაც – 696 მილიონი კვტ.სთ-დან 426 მილიონ კვტ.სთ-მდე.
რაც შეეხება მომხმარებელზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის მთლიან მოცულობას, საპროგნოზო მაჩვენებელი 14.2 მილიარდ კვტ.სთ-დან 13.3 მილიარდ კვტ.სთ-მდე შემცირდა.