logo_geo
გენადი არველაძე: სერბეთის მხარესთან შევთანხმდით, რომ დაიწყება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
- +

4 ივლისი. 2019. 17:00

 

საქართველოსა და სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც 3-4 ივლისს თბილისში გაიმართა, ორმხრივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა ხელი მოაწერეს.

 

ოქმის თანახმად, განისაზღვრა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო უმასპინძლებს ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს სერბეთიდან, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს პრომოციას საკუთარ სამშობლოში. გარდა ამისა, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განიხილავენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას.

 

კომისიის სხდომის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო სერბეთის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე. ამ მიზნით, ჩამოყალიბდება დიალოგის ფორმატი საქართველოსა და სერბეთს შორის, რომლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავეცნოთ იმ გამოცდილებას, რომელიც სერბეთმა განვლო ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველო ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ძირეულ რეფორმებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ამდენად, სერბეთთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან ჩვენ შევქმნით დიალოგის სპეციალურ ფორმატს, რომელიც დაგვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

 

 მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გამოხატა მზაობა, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

 

„საქართველოსთან შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ოქმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ახალ სიმაღლეზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გაფართოვებას“, - განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა.

 

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში, ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი